ფოტო, რომელიც დასავლეთში ყველა ადამიანს ერთხელ მაინც უნახავს. ეს შარბათ გულაა. ამ დროს, როცა ის ფოტოჟურნალისტმა სტივ მაკკარიმ გადაიღო, 12 წლისაა და პაკისტანში, ნასირ ბაღში ავღანელი ლტოლვილების ბანაკში ცხოვრობს.
ფოტო 1985 წელს National Geographic-ის გარეკანზე დაიბეჭდა და მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო. უცნობი ავღანელი გოგონა დიდრონი, მეტყველი მწვანე თვალებით, რომლებიც ერთდროულად გამოხატავდა შიშს, საფრთხეს და ნებისყოფას, სიამაყეს და ველურ სილამაზეს, დასავლეთში ავღანელი ხალხის სავიზიტო ბარათად იქცა. მას ხშირად "ავღანელ მონა ლიზას" უწოდებენ. National Geographic-ის ეს ნომერი ყველაზე პოპულარული იყო ამ ჟურნალის არსებობის მთელი 114 წლის მანძილზე.
ფოტოგრაფი დიდხანს და უშედეგოდ ეძებდა თავის მოდელს და მხოლოდ 17 წლის შემდეგ, 2002 წელს შეძლო მისი პოვნა. თვალის ბიომეტრიულმა ანალიზმმა 30 წლის პირქუში და დაღლილსახიანი ქალის ცნობილ ავღანელ გოგონასთან იდენტობა დაადასტურა. იგი უკვე ავღანეთში ცხოვრობდა, 3 შვილის დედა იყო და ავღანელი ქალის მძიმე ცხოვრებას ეწეოდა. მისთვის ლეგენდარულ ფოტოს არაფერი შეეცვალა - ყველაზე ცნობილი ავღანელი ქალი საკუთარ რეალობაში არასოდეს ყოფილა ცნობილი.
ამის შემდეგ მის საპატივცემულოდ ავღანელი ქალების დახმარების მისივე სახელობის საქველმოქმედო ფონდი დაარსდა.


საინტერესო და კარგი ბლოგია, გთხოვთ არ მიატოვოთ და განაგრძეთ ფოტო ისტორიები
ReplyDelete